Kimerioni

Übersetzer = Verwegene Kämpfer, die den Turm von Babel angreifen. Albert Camus

ჩემი მამული

პატარა და კოხტაა, თან ლამაზი და ნაზია,

დედამიწაზე ცნობილი უძვირფასესი განძია.

ტკბილია, როგორც სიცოცხლე, როგორც მყინვარი შაქარი,

უკვდავებისა ნათელი გულზე აქვს გადანაფარი.

გარშემო მთები არტყია, ციცაბო მაღალ-კლდოვანი,

გულზე წალკოტი უგია, მარადჟამს ყვავილოვანი.

იქ ბევრი მოყმე გმირია და ტურფა ლამაზმანები.

ცხადად კაცთ დამატყვეველნი, სიზმარად დასაზმანები.

ის არის ძველი სადგური გოლიათ ამირანისა,

საპირფარეშო სავანე ზღაპრულ ლამაზი დალისა.

ამბობენ: ზამთარ-ზაფხულში სულ თანაბარად დარობსო,

თვით უფალს დაულოცია, დასაბამიდან ჰყვარობსო.

პირველად ევა-ადამი იმის წალკოტში შობილა,

ვარდით მორთული აკვანი თვით უფლის ხელით რწობილა.

ნინო ყოფილა ნათლია, პირველი მირონმცხებელი,

ანგელოსი და ფერია თანვე ჰყოლია მხლებელი.

ის სამოთხეა მგალობელთ, სირთ-ბულბულ-იადონისა,

ტაძარი მაღალ აზრების, სიქველის, ჭკუის, გონისა.

ბაღნარი ია-ვარდების, სირენის, ზამბახებისა.

ლხინის, სიამის, ტრფობისა, სიცოცხლის დაბადებისა.

და ასპარეზი ჰანგების, დაფის, ნაღარის, ბუკისა.

აკვანი ახალგაზრდობის, სიქალწულ-სიჭაბუკისა.

ჩემნი თვისტომნი ბინადრობს, ყველა მისია მმართველი:

მეგრელ-გურული, კახელი, იმერელია და ქართლელი.

შვანი, თუში და ხევსური, მესხი, აჭარელ-ფშაველი,

საერთო არის იმათთვის, ცა, ზღვა, ჰაერი, მთა-ველი.

ბედი არ სწყალობს წყეული, ბევრი ჰყავს მტერი მძრახველი.

მათ ეწოდებათ ძველთაგან ერთი საერთო სახელი.

ასე კოპწია ქვეყანა, აბა მითხარით, სად არი?

ზღვები და მთები არტყია გარშემო შემოზღუდული,

მუდამ იქითკენ მიფრინავს ჩემი ოცნების შურდული.

მის მიწა ციურ მანანით არის მთლად გადანამული.

იქ მინდა მოვკვდე, ვიმარხო, იქ არის ჩემი მამული.

1955 წ.

Sa, Juli 10 2010 » Georgisch