Kimerioni

Übersetzer = Verwegene Kämpfer, die den Turm von Babel angreifen. Albert Camus

ლტოლვილი

უბედური ვარ, უიღბლო, ქვეყნად ლტოლვილი,

ძალით ცოდვილი, დაწიხლული და ჩაქოლილი,

არა მაქვს ძილი, წამართვეს დედა, ცოლ-შვილი,

სისხლით დაღვრილი, ცხოვრებისგან ვარ მთლად აღგვილი.

სულ ნაღვლიანი, შავ ფიქრებით გარემოსილი,

ბორკილგაყრილი, მიჯაჭვული და გათოკილი,

ნერვებმოშლილი, მეუფის წინ მუხლებ მოხრილი,

მონა მორჩილი, ტყავგამძვრალი, გადახორკილი.

ბედზე გამწყრალი, გზა ნაკარგი, სადეთ წავიდე?

ზურგით გავზიდე ტანჯვის ტვირთი, კიდიდან კიდე,

ყველას ვერიდე, უფსკრულისკენ გადავეკიდე,

არსად სიმშვიდე, ცხარე ცრემლებს რატომა ვღვრიდე?

არვის ვეკუთვნი, კაცთა სიაში არსად ვწერივარ,

ვისი გერი ვარ? ვერ გავიგე, ვისი წევრი ვარ?

არაფერი ვარ, ამ ქვეყნისთვის მუდამ მტერი ვარ,

მიწის მტვერი ვარ, სიყვარულზე ვეღარ ვმღერივარ.

ჩემი ცხოვრების წვრილმანები აწეწ-დაწეწეს,

სხვა დააწესეს სამართალი, ცოცხლად მაკვნესეს,

მილეწ-მოლეწეს შვების კოშკი, მეფედ სხვა დასვეს,

ცეცხლი აკვესეს, უცხო მხარეს ძალით გამხვეწეს.

უბედური ვარ, უიღბლო, ქვეყნად ლტოლვილი,

ძალით ცოდვილი, დაწიხლული და ჩაქოლილი,

არა მაქვს ძილი, არც დედა მყავს, აღარც ცოლ-შვილი,

ცრემლებ დაღვრილი, ცხოვრებისგან ნაკიცხ-აღგვილი.

1955 წ.

Sa, Juli 10 2010 » Georgisch