Kimerioni

Übersetzer = Verwegene Kämpfer, die den Turm von Babel angreifen. Albert Camus

ფიქრები უცხოეთში

მგოსნური გრძნობა მორევით

ვფრინავ მუდმივად ცაშია,

ათასი ფიქრი ირევა

ჩემს გრძნობა-გონებაშია.

გულს ერთვის შავი ნაღველი

როგორც მდინარე ზღვაშია,

სახე ნაოჭით ივსება,

თეთრი მერევა თმაშია.

რამ გადმომაგდო, რას ვეძებ

ამ უცხო ქვეყანაშია?

ვინ ამიკრძალა სიცოცხლე

საკუთარ მთა და ბარშია.

სამშობლოს გულს მოჰხვევია

შავი ძაძების არშია,

თქვენ გეკითხებით დღე და ღამ,

მითხარით, საქმე რაშია?

რად ძუნწობს ქვეყნიერება,

რათ არის ამ ყოფაშია?

სიმართლეს თავსა ჰკვეთავენ,

მართალი სულ საკანშია.

თავისუფლებას აღრჩობენ,

სინაზე ეკალ-ნარშია,

თვით სილამაზეც გააქრეს,

ამ ვრცელსა ბუნებაშია.

ამგვარი შავი ფიქრებით

ციდან ვეშვები მთაშია,

არც ცოცხალი ვარ, არც მკვდარი,

არცა მწყურია, არც მშია.

მოვუსვენარობ, დავდივარ,

ქარ-ბუქში, ავსა, დარშია,

გული დაიწვა ნაღველით,

ოცნება ლოდინ-ცდაშია.

1956 წ.

Sa, Juli 10 2010 » Georgisch